პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტირებული კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოთარ დანელიამ ისაუბრა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და სტუმრებს კანონპროექტები გააცნო.
„კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოწურვადი რესურსის რაციონალური გამოყენების პრინციპებს ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებას კრძალავს“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისი თქმით, საკუთრების უფლება ექნება მემკვიდრეობით მიღებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს. ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ 50%-ზე მეტის დომინანტი პარტნიორი საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა ჯგუფი ან ქართული სუბიექტია საკუთრების უფლება არ იზღუდება.
უცხოელის ან უცხოური კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარადგინონ საინვესტიციო გეგმა.