28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.
შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
- 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
- მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
- რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“)
- ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
- ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
- სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
-
დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
- ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.