„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული ცვლილებებით მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები.
ახალი რედაქციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ნაცვლად სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსი. შეიცვალა კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. სავალდებულო გახდება პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ხელშეკრულების წარდგენა, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მოპოვების დროისათვის მიზანშეწონილია, კოოპერატივი სრულად იქნეს ჩამოყალიბებული და მკვეთრად იყოს განსაზღვრული ურთიერთობები კოოპერატივსა და მის მეპაიეებს შორის.