მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მინისტრის ინფორმაციით, ასევე ინტენსიურად კონტროლდება საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი, რომელთა დარღვევისთვის კანონით დაწესებული ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავებმა უკვე გამოწერეს.