საბანკო რეგულაციების შედეგი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე საბანკო რეგულაციები საკმაოდ ნეგატიურად აისახა. გარდა შემცირებული კრედიტებისა, ბოლო ერთ წლის განმავლობაში ბაზარი 12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა, ამ სექტორში დასაქმებული 686 ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 12 ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ამავე მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4 225 ადამიანი, რაც 686 ადამიანით, დაახლოებით 14%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მისო-ებში 4 911 ადამიანი მუშაობდა.

მიკროსაფინანსოების კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 36 ერთეულით შემცირდა ფილიალების რაოდენობაც. თუ 2018 წლის პირველ კვარტალში 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 424 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2019 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 388-მდე შემცირდა.

ამავე პერიოდში სექტორის პორტფელში საცალო სესხების რაოდენობა 100 000 -ით შემცირდა. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო 820 993 ერთეული სესხი, ჯამში 1,122 მლრდ ლარის მოცულობის. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი გაცემული იყო 920 324 ერთეული სესხი, ჯამში 1,159 მლრდ ლარის ოდენობის.

რაც შეეხება გაცემული სესხების სტრუქტურას, 2019 წლის პირველი კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,122 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 372,2 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 317,2 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 185,9 მლნ ლარით დააკრედიტეს.

ამასთან, 2019 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა იურიდიულ პირებზე 943 ერთეული სესხი გასცეს, ჯამში 23,2 მლნ ლარის მოცულობის.