საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ამ მავნე სერვისის მიღებისაგან დაიცავს.
„დაახლოებით ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ჩაგდება მოხდა. ეს ეხება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამას. სამწუხაროდ, დანაპირების მიუხედავად, რომელიც უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა ამ დარბაზში, კანონპროექტი არ არის ხელახლა ინიცირებული. კარგი იქნებოდა ასევე, თუ ვინმე გადასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ მოსახლეობა არის მოლოდინში, როდის შემოვა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციები. თქვენ იცით, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ამ სერვისის მომხმარებელი. ასევე, სამწუხარო სტატისტიკაა არასრულწლოვნებში, სკოლებში. განსაკუთრებით მაჟორიტარების გასაგონად მინდა ვთქვა, რომლებმაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩააგდეს ეს კანონპროექტი, რომ ყოველ მეორე ახალგაზრდას სკოლაში 14 წლის ასაკიდან აქვს შეხება ონლაინ აზარტულ თამაშებთან, აღნიშნულ სერვისთან. არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს ჩვენს ბავშვებს დაიცავს ამ მავნე სერვისის მიღებისაგან“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მოუწოდა კანონპროექტი პარლამენტში დროულად შეიტანოს.