ქსელური მარკეტებისთვის შესაძლოა, რეგულაციები ამოქმედდეს.
რითეილ ბაზარზე არსებულ ვითარებას ამჟამად კონკურენციის სააგენტო სწავლობს. კანონპროექტი კი სავარაუდოდ, მზად წლის ბოლოს იქნება.
ქსელურ მარკეტებთან პრობლემას წარმოადგენს კომპანიებისთვის დავალიანებების გასტუმრებაც და ამასთან, ხშირ შემთხვევაში, გაურკევეველი ბონუსების ჩამოჭრა ხდება. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს რეგულაციები, რომელიც ურთიერთობებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს და დაარეგულირებს.
„რითეილ ბაზარზე არის მთელი რიგი საკითხები, რაც ძალიან გვაწუხებს. თუ ჯამში, 10-დან 15-მდე ქსელური მარკეტი და ჰიპერმარკეტია, მეორე მხარეს ასობით სადისტრიბუციო კომპანიაა, შესაბამისად, საკმაოდ მაღალია კონკურენცია. არის შემთხვევები, როდესაც ქსელური მარკეტები მიუღებელ პირობებს სთავაზობენ სადისტრიბუციო კომპანიებს, თუმცა ისინი იძულებული ხდებიან, რომ დაემორჩილონ. ამ მხრივ, აღსანიშნავია ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი საერთაშორისო ჰიპერმარკეტი, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.
გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია შედარების აქტის გაფორმება. როდესაც დიდი ქსელებს პროდუქციას ვაწვდით, ჩვენს მიმართაც ეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები, რომელსაც არ ასრულებენ. მაგალითად, თანხას ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში არ რიცხავენ ან გაურკვეველ ბონუსებს აჭრიან, საკითხის გარკვევას კი თვეები სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ რითეილ ბაზარზე არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დარეგულირებას“,- განაცხადა დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ.
მისივე ინფორმაციით, საკითხის შესასწავლად კონკურენციის სააგენტოს პარლამენტმა უკვე მიმართა და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, განიხილება კონკრეტული მოდელები, რომელიც ევროპის არაერთ წამყვან ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და შეირჩევა ის კონკრეტული ვერსია, რომელიც ქართულ რეალობას ერგება.
„საკითხის შესასწავლად პარლამენტმა უკვე მიმართა კონკურენციის სააგენტოს. ინიციტორი იყო ევროინტეგაციის კომიტეტი, კერძოდ, ბექა ნაცვლიშვილი. მასაც არაერთმა კომპანიამ მიმართა საკუთარი პრობლემებით. შესაბამისად, საკითხი დაჩქარდა, თორემ ჩვენ გარკვეული მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვქონდა.