მიწის რეგისტრაცია

მიწის გამარტივებული რეგისტრაცია 2022 წლამდე გადაიდო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არსებული რეფორმის ვადის გადაწევა ხდება და კვლავ უცნობია, ამ დროშიც მოესწრება თუ ვერა ბოლომდე დარეგისტრირება. ასევე ღიად დარჩა საკითხი, ვადის ამოწურვის შემდეგ, დაურეგისტრირებელ მიწებს საკუთარ ბალანსზე გადაიტანს თუ არა სახელმწიფო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამიერიდან მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ 7 ნოემბერს დაამტკიცა. პაკეტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.