საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 8.5%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტს შეადგენს. კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა. ინფლაციის დინამიკას, როგორც მოთხოვნის ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის მაჩვენებელზე გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება, მაშინ როდესაც მიწოდების ფაქტორები ინფლაციაზე უფრო სწრაფად ახდენს გავლენას. პანდემიის ფონზე, ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები მიმდინარე თვეებში ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის. მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლას ეტაპობრივად განახორციელებს და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები.