საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი; ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირება; მინიმალური ხელფასის შემოღება; ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების წესში ცვლილებები; შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება და სხვა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომლებიც ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორიდან, თავიანთი დარგის ლიდერებს წარმოადგენენ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებენ და ორასი ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებენ, კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელონ მოსალოდნელი ცვლილებების ავკარგიანობაზე და შედეგებზე, როგორც დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის, ასევე საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებისათვის.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ამ ეტაპზე შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია, ვინაიდან არღვევს ბალანსს და გაუმართლებლად ერევა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც შესაძლოა საგრძნობლად დააზიანოს დღეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო. შეიძლება ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი და ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს“.