აზარტული თამაშების შესახებ

აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ.

ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებების რამდენიმე კანონში შეტანას გულისხმობს. კანონპროექტებში მათ შორის, საუბარია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთათვის თამაშის აკრძალვის მიზნით, მათი ოჯახის წევრების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის მინიჭებაზე.

კერძოდ, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრს უფლება ექნება სასამართლოს წესით მოითხოვოს მისი მონაცემების თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში შეტანა.

„კანონპროექტის მიხედვით, ოჯახის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვოს პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განცხადებით მიმართვა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან,“-აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტის ავტორის შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.