ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8-9 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა.
ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს. ცვლილება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. შედეგად, სწორედ 1-ლი იანვრიდან გარკვეული ბიზნეს სუბიექტების თანამშრომელთა გატესტვას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და აღნიშნული ხარჯის საკუთარ თავზე აღება ბიზნესს მოუწევს.
კერძოდ, თანამშრომელთა გატესტვა სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება - სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები), ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა).
საუბარია, ამ ტიპის იმ ობიექტებზე, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავს. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.
საქართველოში ელექტროენერგიის დღის და ღამის ტარიფები ამოქმედდება.
საწარმოებს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული, დიფერენცირებული ტარიფით ისარგებლონ. შესაბამისი სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. შესაბამისად ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, წესდება გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომლითაც ისარგებლებენ პენსიის მიმღები პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა, პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული.