რესტორანი არ უნდა იყოს საერთაშორისო ქსელის ნაწილი, ან „ფრანჩაიზი“, რომელიც არ საჭიროებს დახმარებას ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“,- ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონიმიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ კვების ობიექტმა მერიისგან 5 000 ან 10 000-ლარიანი დახმარება მიიღოს, კიდევ ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის, ობიექტში სკამების რაოდენობა და დღიური ბრუნვა.
„აქ არის ორი ძირითადი და ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რომელიც შემუშავებულია თავად სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე. შევჯერდით საბოლოოდ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რაც ბიუჯეტით არის შესაძლებელი. პირველი კრიტერიუმი გახლავთ სკამების რაოდენობა, 20-დან 80 სკამამდე. ანუ, ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობით, 20-ზე მეტი და 80-ზე ნაკლები სკამი უნდა ჰქონდეს იმ რესტორანს, რომელიც მიიღებს ამ დახმარებას. სკამების რაოდენობა დგინდება დასუფთავების მოსაკრებლით, „თბილსერვისში“ გადახდილი თანხების მიხედვით. ხოლო მეორე კრიტერიუმია ბრუნვა. აქ საუბარი იყო, რომ დღიური 800 ლარიც საკმარისი შეიძლება ყოფილიყო, ან - 1200, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთეთ უფრო მაღალ ნიშნულზე, რაც დღიური 1666 ლარი გამოდის. ანუ 2 თვეში, 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში ვისაც აქვს ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლები, ის რესტორნები მიიღებენ დახმარებას.
რაც შეეხება მესამე კრიტერიუმს, არის ის, რომ რესტორანი არ უნდა იყოს საერთაშორისო ქსელის ნაწილი, ან „ფრანჩაიზი“, რომელიც არ საჭიროებს დახმარებას ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“,- განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.