საკანონმდებლო ინიციატივა

ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვაზე, მძღოლს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება. აღნიშნულს გულისხმობს პარტია „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივა.

დეპუტატმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ“, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა“.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, იზრდება სხვადასხვა ანალოგიური სამართალდარღვევისათვის დაწესებული სანქციები.

ცნობისთვის, პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.