თბილისის სააპელაციო სასამართლოში აშშ-ს მოქალაქე, ნინა ჭანტურია-რიტერსა და დიმიტრი კოსტაროვს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე სასამართლო პროცესი გაიმართა. აღნიშნულ დავაში ნინა ჭანტურია-რიტერის ინტერესებს ჩვენი იურიდიული კომპანია იცავს.
2012 წელს, დიმიტრი კოსტაროვმა, აშშ-ს მოქალაქე ბენჟამინ რიტერისა და მისი მეუღლის, ნინა ჭანტურია-რიტერისგან, 400 000 აშშ დოლარი ისესხა, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სესხის თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
რიტერების ოჯახმა დავა სასამართლოში განაგრძო. ბენჟამინ რიტერი, აღნიშნული დავის გამო, ნერვიულობის ნიადაგზე, 2014 წელს გარდაიცვალა, რამაც ოჯახის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად დაამძიმა.
ბენჟამინ რიტერის გარდაცვალების გამო, სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვა უსაფუძვლოდ შეაჩერა და მისი განახლება მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი.
დიმიტრი კოსტაროვის გარდა მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ მისი მეუღლე - ირინა დანილენკო, მისი კომპანია - შპს აგრო-გეო და ალექსანდრე უთარაშვილი.
მოპასუხე მხარეები ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. დღევანდელი სხდომაც დიმიტრი კოსტაროვის ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში ახალი ჩართულია და, შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.
საქმეზე არსებითი განხილვა 2018 წლის 18 იანვარს, 14:00 საათზე გაგრძელდება.