1-ლი იანვრიდან იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობაზე შესაძლოა, ახალი მოთხოვნა გავრცელდეს. ამის შესახებ, საკანონმდებლო წინადადება მოქალაქე ზურაბ ვანიშვილმა წარადგინა პარლამენტში.
„2022 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ, მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული ოფისი ფაქტიურად მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებაში გააჩნიათ. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, იგი რეალურად ფინქციონირებს და მასში მუდმივად დასაქმებულია მინიმუმ ერთი ადგილობრივი ფიზიკური პირი.
მსგავსი საკანონმდებლო რეგულირება არსებობს აშშ-ში და ბრწყინვალე შედეგის მომტანია ქვეყნისთვის, ვინაიდან:
- მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებებს გაუჩნდებათ დამოუკიდებელი შემოსავლების წყაროები;
- საშემოსავლო გადასახადების ანარიცხები ასევე მიმართული იქნება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებების შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტებში;
- ხელი შეეწყობა დედაქალაქის განტვირთვას.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის პოზიტიური ზეგავლენა ქვეყნის განვითარებაზე,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.