ახალი ინიციატივა

საქართველოში შესაძლოა, სამსახურებში დასაქმებისას ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქის მაკა მინდაშვილის საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომლითაც მან პარლამენტს მიმართა.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, ნებისმიერ სამსახურში ასაკობრივ ზღვარზე ყურადღების გამახვილება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

„თუ ადამიანს აქვს ფიზიოლოგიური მონაცემი, სურვილი, ჯანმრთელობა, გონებრივი შესაძლებლობა, ასაკობრივმა ზღვარმა ხელი არ უნდა შეუშალოს. ადამიანის მუშაობის უფლება კანონით უნდა იყოს გამყარებული,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.