არცერთი წამით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი, საბჭოთა კავშირის მსგავსად, რაციონალური გეოპოლიტიკური მოთამაშეა და თავის გადაწყვეტილებებს იღებს არა იმპულსების, ემოციების, წყენების და შეურაცხყოფების სათვალავში მიღებით, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა ტაქტიკური სარგებელი ექნება ამა თუ იმ ნაბიჯს მისი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, რაც გულისხმობს რუსული გავლენის აღდგენას და გაძლიერებას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის (მათ შორის, ნატოს) და ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის (სადაც აშშ გლობალური დომინანტია) რღვევის შედეგად რუსეთის სუპერ-სახელმწიფოდ პოზიციონირებას.
ამ კონტექსტში, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაუძინებელი მტრობა წარმოადგენს არა ახირებას და ქართველი ხალხის მიმართ არსებული სიძულვილის გამოვლინებას, არამედ გააზრებულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს დასუსტებას და საბოლოოდ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.
ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთი იყენებს არამხოლოდ ხისტ სამხედრო ძალას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, არამედ თანამედროვე და დახვეწილი ჰიბრიდული ომის მეთოდებს, რომელიც ტყუილ-მართალს, სწორსა და არასწორს შორის არსებული ზღვარის წაშლით ჩვენი საზოგადოების მანიპულირებას და დეზორიენტაციას ცდილობს.
იმისათვის, რომ ეს ჰიბრიდული ომი იყოს უფრო ეფექტური და ჩვენი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანში რუსეთმა არ გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში გადაიხდიდა, ამისთვის მას სჭირდება მორალური ლეგიტიმაციის რესურსი. ამ რესურსის მოსაპოვებლად რუსეთი ყოველთვის ეცდება შექმნას სათანადო პირობები და შესაძლებლობისთანავე ეს შანსი გამოიყენოს.
სანქციების დაწესებაზე უარის თქმის კარტის გათამაშება ამ მორალური უპირატესობის მოპოვების მცდელობაა. ასეთ უპირატესობას რუსეთი გამოიყენებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გასამართლებლად ანდაც სხვადასხვა პროცესებში რუსული კვალის უარსაყოფად, ასევე, იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ ყველაფერი, რასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს, მხოლოდ საპასუხო და ინტერაქტიული ნაბიჯებია დასავლური გავლენების ზრდის და საბოტაჟების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ რუსეთი "ქართველ ხალხს პატივს სცემს" და აბა სხვა რა მიზეზი აიძულებდათ, რომ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილებები მიეღოთ.
ჟურნალისტი რომ რუსეთის პრეზიდენტს წყევლის და აგინებს, ეს ომის დაწყების მიზეზი ვერ იქნება. რამდენად უგემოვნო და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან შეუსაბამოდაც არ უნდა ვთვლიდეთ გიორგი გაბუნიას გამოსვლას, მის საფუძველზე დაწყებული მასობრივი პანიკა მიუთითებს მხოლოდ ერთს, რომ ჩვენი სახელმწიფოს დაუძინებელ მტერს არ ვიცნობთ, არ ვიცით რა მეთოდებს გვიპირისპირებს და ამ ბრძოლაში პრიმიტიული ინსტინქტებით ვმოქმედებთ. ამ და სხვა შეცდომებზე რუსეთი კაპიტალიზებას ახდენს და სხვადასხვა ტაქტიკურ მიზნებს აღწევს. ეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ამ პანიკის გარეშე, ვლადიმერ პუტინს სხვა მიზეზი ვერ მიეცემოდა ამ პერფორმანსის გასათამაშებლად და გეგმას ჩავუფლავებდით, მაგრამ ის ხომ უეჭველია, რომ საქმეს მაინც არ გავუმარტივებდით.
ჩვენი, როგორც თავისუფლებისთვის და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისთვის მებრძოლი საზოგადოების ვალდებულებაა, რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ დაპირისპირებას არამხოლოდ ეროვნული სენტიმენტების და ინტერპერსონალური უთანხმოებების კონტექსტში განვიხილავდეთ, არამედ ვიაზრებდეთ, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული და მდიდარი საქართველოს სახელმწიფოს არსებობა (ანუ ჩვენი ეროვნული ინტერესი) პირდაპირ წინააღმდეგობაშია რუსეთის ეროვნულ ინტერესებთან და ეს წინააღმდეგობა (და შესაბამისად ომი) დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) არ იარსებებს საქართველო და ქართველო ხალხი, რომელიც თავის მომავალს ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციაში ხედავს ან ბ) არ იარსებებს ბოროტების იმპერიის სამართალმემკვიდრე - რუსეთის ავტორიტარული და იმპერიალისტური სახელმწიფო.
ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებით, ამ ორი სცენარიდან, რომელს უფრო რეალისტურს ვხდით, და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ, ალბათ, ამაზე ყოველდღე უნდა ვფიქრობდეთ.
თორნიკე უსტარაშვილი