საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით, 9,0 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. მათივე განმარტებით, ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს. როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.