საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, 25 წლამდე ასაკის (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირი) პირები.
„კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში.
პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით,“-ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1-ლი სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.