მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდაციის პროცესი რთულდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, მიკროსაფინანსოების ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები. აქამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესში ეს ჩანაწერი არ არსებობდა.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები.
არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, კერძოდ, ეროვნული ბანკის თანხმობით შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას ისეთ მეწარმე-სუბიექტად, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, საქმიანობის საგნის შეცვლა უნდა ემსახურებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დანარჩენი ვალდებულებების გასტუმრებას, რისთვისაც საჭიროა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი კრედიტორის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.