საპრივატიზაციო ქონება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წელს ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა. მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში არც ერთი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოს პრივატიზება არ მომხდარა.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების მიზნით 5 თვეში მხოლოდ ერთი აუქციონი გამოცხადდა, თუმცა მონაწილეების არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა.

„2019 წლის 13 მარტის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი შპს ,,საქსპეცტრანსის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%- იანი წილის უპირობო პრივატიზების მიზნით. მონაწილე პირების არ არსებობის გამო ზემოხსენებული აუქციონი არ შედგა,“ - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, ამჟამად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაშია 97 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, რომელთაც სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელი 19.6 მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულეს.

ამასთან, 2012 წელს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მართვაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 490 საწარმო იყო, 2013 წელს- 463, 2014 წელს- 442, 2015 წელს-282, 2016 წელს -180, 2017 წელს კი 127 საწარმო.

რაც შეეხება საპრივატიზებო გეგმას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებდა, რომ წელს ჯამში 170 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდებოდა, აქედან 30 მილიონი ლარის მიღებას  სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებით აანონსებდა.

მოქმედი მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით - 2019 წელს გეგმით გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი, თუმცა შესაძლებელია საპრივატიზაციო ქონების 100 მლნ ლარამდე გაზრდა.