როგორ აისახება ქართულ ბიზნესზე ფინანსთა მინისტრის 31 მაისის გადაწყვეტილება?
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია - „ამ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე საათში მოხდა და არა მგონია ეს დადებითად აისახოს“.
რაც შეეხება შედეგებს, ამ ფაქტორმა შეიძლება პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. რადგან კომპანიებს შესაძლოა დამატებითი სახსრების მოზიდვა მოუწიოთ ანუ დამატებითი სესხი აიღონ. ამასთან, მოსალოდნელია, რომ იმ რაოდენობის პროდუქციის ჩამოტანა ვეღარ შეძლონ, რადგან საბაჟო გადასახადის გადახდა 5 დღეში უწევთ და ტვირთის ნაწილ-ნაწილ ჩამოტანა დასჭირდეთ, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ფასებზეც აისახება.
ბიზნესმენთა აზრით პრობლემა „ოქროს სიის“ პრივილეგიების გაუქმება კი არ არის, ან ახალი რეგულაციების შემოღება, პრობლემაა როგორ შემოდის ეს რეგულაციები, რა დატვირთვით და რა შედეგზეა ორიენტირებული, ფინანსთა მინისტრს შეეძლო 31 მაისს კი არ გამოეცა ეს ბრძანება, არამედ 2 თვით ადრე. „ეთქვა, რომ „ოქროს სიამ“ დაკარგა აქტუალობა, არ არის შედეგზე ორიენტრებული, ამიტომ, 2 თვის მერე უქმდება პრივილეგიები, ყველა გადადის თანაბარ პირობებში.
შეგახსენებთ, რომ მინისტრის ბრძანებით, ე.წ.ოქროს სიის მონაწილეები იმპორტის გადასახდელებს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 დღეში გადაიხდიან, ნაცვლად აქამდე არსებული 30 დღისა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება 217 კომპანიას შეეხება. ცნობისთვის, მინისტრის ბრძანება გადასახდელის გადამხდელებისთვის, 2019 წლის 2 ივლისს, ხოლო აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდება.