სამშენებლო რეგულაციები თბილისში

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომლის საფუძველზეც თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული რეგულაციების გადავადება ხდება.

ცვლილება დაგეგმილია სამ საკანონმდებლო აქტში: “ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ და “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ცვლილებებს, რომელიც ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. პროექტით კი, თბილისის მერიისთვის ამჟამად მოქმედი რეგულაციები უნდა შენარჩუნდეს და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებების ამოქმედდება 2020 წლის სექტემბრისათვის გადავადდეს. ამასთან, ახალი ინიციატივით, განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს მოიცავს, იურიდიულ ძალას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ინარჩუნებს.

ცვლილებების არგუმენტად მითითებულია ის, რომ მერიამ ნორმატიული აქტების ახალ მშენებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოასწრო.