ლარი გაუფასურებულია მხოლოდ დოლართან მიმართებით, სხვა ვალუტებთან თითქმის არა, - ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
კაკაურიძის თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზი სავარაუდოდ არის მოლოდინები, რომელიც აქვთ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს.
"ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძველი ლარის გაუფასურების არ არსებობს. შესაბამისად, მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ლარზე გავლენა არ აქვს. გაუფასურების მიზეზი სავარაუდოდ, არის მოლოდინები, რომელიც აქვთ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს. ჩვენ თუ შევხედავთ გაუფასურებას, გვაქვს მხოლოდ დოლართან მიმართებით. სხვა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურება არის ძალიან მცირე ან თითქმის არ არის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი კაკაურიძის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ტურიზმი, სავაჭრო ბრუნა - ყველა ეს ფაქტორი ქვეყანაში გაუმჯობესებულია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირეტორის კრისტინ ლაგერდი საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად შემდეგ რეკომენდაციებს ასახელებს:
ქვეყანაში უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება დაუცველ მდგომარეობაში აყენებს შინამეურნეობებს. ნაბიჯებია გადასადგემელი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ასევე ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვების კუთხით.
ვალის შემცირება, განსაკუთრებით საშუალო და დაბალშემოსავლიან მოსახლეობაში. მდგრადი დაკრედიტების სისტემა ქვეყანას ძალიან წაადგება. აუცილებელია მწყობრი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეებისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა და ეს საფრთხე არის უთანაბრობა.
საქართველოში ტალანტი დაუფასებელია. ქალთა ჩართულობა ძალიან მცირეა. ქართველი ქალები ძალიან ძლიერები არიან, მათი გვერდზე გაწევა არ შეიძლება. ეს წყვეტა უნდა ამოვავსოთ და შედეგად მეტ ეკონომიკურ ზრდას მივიღებთ.
საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება წამებში ხდება, ეს რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა ლიკვიდაციას დღეები, თვეები, წლები სჭირდება. იურისტებს ნამდვილად არ გაუმართლათ. ლიკვიდაციის პროცესი დასახვეწია, ამით უმოქმედო სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა იზრდება.