საქართველოს პარლამენტში გრძელდება განხილვა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ.
უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. ასევე განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურება თითოეული დასაქმებულისთვის და თუ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რომ გაუქმდეს შრომის ბინადრობის ნებართვა.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოეთის მოქალაქეზე, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად 300 000 ლარისა.
მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღების მსურველ უცხოელზე ასეთი ნებართვა თავიდან მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ყოველწლიურად წარმოადგენს 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელსაც 5 წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა და ამავე დროს, შენარჩუნებული აქვს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება, შეეძლება აიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.